რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და ვალიდ მუალემის შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს აუქმებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ გადაწყვეტილების ასახსნელად საკმაოდ ბუნდოვანი მიზეზები დაასახელა, კერძოდ ის, რომ თურქეთმა წელს რუსეთის 200-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც უკანონო ქმედებებში იქნენ მხილებულნი, დეპორტაცია გაუკეთა. როგორც აღმოჩნდა, მოსკოვს არ აწყობს, რომ უმეტეს შემთხვევაში „ამ ხალხს სხვა სახელმწიფოებში ასახლებდნენ“. „მათ შორის, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებენ“ – განაცხადა ლავროვმა და დასძინა: „ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ რუსეთსა და თურქეთს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო“. ეს გადაწყვეტილება 2016 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში.
ანალოგიური განცხადებები თურქეთის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. თუ თურქეთიც გადაწყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას, ეს ალბათ საბოლოოდ ააღებინებს ხელს რუს ტურისტებს თურქეთში გამგზავრებაზე.
ლავროვმა პასუხი არ გასცა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში მისი შეხვედრა თურქ კოლეგასთან.