აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია საუდის არაბეთში მუშაობენ.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათი მუშაობის შედეგები და საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება განიხილეს.

“შევხვდი ჩვენს სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც საუდის არაბეთში ერთ კვირაზე მეტია იმყოფებიან. მათ წარმოადგინეს ანგარიში საწყისი სამუშაოს შედეგებისა და დასკვნების შესახებ, როგორც ოპერატიულ, ასევე უფრო ფართო დონეზე. ამ რეგიონში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ექსპერტების მთავარი მიზანია პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, თუ რა ცვლილებებია საჭირო ირანული „შაჰედებისა“ და რაკეტებისგან ადამიანებისა და მათი სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად. მადლობელი ვარ მათი სწრაფი და საფუძვლიანი მუშაობისთვის. არსებობს კონკრეტული რამ, რისი გაკეთებაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელმა ექსპერტებმა მოკლე დროში შეძლეს თავიანთი გამოცდილების გაზიარება და იმის დემონსტრირება, თუ როგორ იცავს უკრაინა ადამიანებსა და ინფრასტრუქტურას.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ექსპერტიზა საჰაერო თავდაცვის სფეროში უნიკალურია. ის რეალურ საბრძოლო პირობებში შემუშავდა და უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა თავდაცვაში დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ მას დამოუკიდებლობისთვის ომში.

შეხვედრის დროს განიხილეს საუდის არაბეთის ცის დაცვის გაძლიერების ძირითადი ასპექტები, პირველ რიგში, მიდგომები, რომელიც დრონების ჩამოგდების მიმართ გამოიყენება.

„უკრაინა მზადაა გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის. ვამაყობ ჩვენი ხალხით და უკრაინის ძლიერებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა.

იტვირთბა....