ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება სამართალი

32 წლის მამაკაცი მოკლეს, 3 პირი დაჭრილია – რა მოხდა ნინოწმინდაში

პირველ იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 32 წლის ს.ა. მოკლეს, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცელსა და ხელზე აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ 3 პირი, მათ  შორის 2 გარდაცვლილის ბიძაშვილია.

მერის წარმომადგენლის, ანდრანიკ წარუკიანის განცხადებით, სოფელ სათხაში მომხდარი დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. მისივე თქმით, ს.ა–ს სასიკვდილო ჭრილობა ამავე სოფელში მცხოვრებმა ო.პ–მ მიაყენა. ხოლო გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„ს.ა–ს მოჩხუბრების გაშველება უნდოდა და ამ დროს ესროლეს. დაჭრილი ძმები მისი ბიძაშვილები არიან. ო.პ–ს სწორედ მათთან ჰქონდა პრობლემა. წლების წინ უბედური შემთხვევა მოხდა, ძმების მამა ო.პ–ს ძმას დაეჯახა და ის დაიღუპა. ამ ამბავთან დაკავშირებით კონფლიქტი მხარეებს შორის პერიოდულად მწვავდებოდა. ეს ჩხუბი სოფელში დღეს დილით, გამთენიისას მოხდა“, – ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ სათხეში.

ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში სამი პირი შეიყვანეს, მათ შორის 32 წლის ს.ა უკვე გარდაცლილი იყო, ძმებს კი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

„კლინიკაში სამი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, ერთი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო, ორს ფეხებზე ჭრილობები აღენიშნებოდათ. ჩვენთან მომსახურებაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ახალქალაქის კლინიკაში მივიდოდნენ“,- აცხადებს კლინიკის მენეჯერი ნატო ირემაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ო.პ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები – 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ.

ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ბრალდებული ო.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....