ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.

სამუშაოების შედეგად, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდა. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს,  შეიცვალა ამორტიზებული ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები.

დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

„მთაწმინდის რაიონი ერთ-ერთი ძველი უბანია. შესაბამისად, მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და პირველ რიგში, მოსახლეობის შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. მიმდინარე წელს, 13 საცხოვრებელი სახლი გავამაგრეთ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯა.

 

იტვირთბა....