ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მასწავლებლების საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება

2016 წლის აპრილიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.

2016 წლის აპრილიდან მასწავლებლების ხელფასი 50 ლარით გაიზრდება. დღეს პედაგოგთა საშუალო ხელფასი 405 ლარია. საინტერესოა 50 ლარიანი ზრდის შემთხვევაში როგორ გახდება ხელფასი 600-700 ლარი?

„მეტრონომი“ განათლების სამინისტროს წარმომადგენელ ლალი როზომაშვილს ესაუბრა.

მისი განცხადებით, სანიკიძეს საბაზო ხელფასის ზრდა არ დაუანონსებია, მან იგულისხმა საშუალო ხელფასი, რომელიც სამინისტროს მტკიცებით 2016 წლის აპრილიდან 600-700 ლარი იქნება.

რთულია, დაადგინო პედაგოგთა საშუალო ხელფასი, რადგან ამ წლის სექტემბრიდან ამოქმედდა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. ამ სქემის ფარგლებში, მასწავლებლები დაიყვნენ კატეგორიებად: პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. სწორედ ამ კატეგორიის შესაბამისად მიეცემათ ხელფასი პედაგოგებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის მიზნით 70 მლნ. ლარია გათვალისწინებული.

 

 

 

იტვირთბა....