ინფექციონისტი, მაია ზალდასტანიშვილი კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლაბორატორიაში რამდენიმე შემთხვევაა ნანახი, რომელთა გენეტიკური ანალიზე ამ დრომდე კეთდება.
მისი განცხადებით, ჯერ დადასტურებული არ არის, აღმოჩენილია თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი.
“ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე შემთხვევა და მათი გენეტიკური ანალიზი კეთდება. ლაბორატორიამ ნახა, როცა იშიფრებოდა რაღაც ატიპიური და განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო ცნობილი და ამიტომ იქნა საეჭვოდ მიჩნეული. რაღაც ისეთი ინახა, რაც არ ჰგავდა აქამდე არსებულს. ალბათ ხვალ-ზეგ უკვე გვეცოდინება, არის თუ არა ეს ის ახალი შტამი. თუ დამტკიცდა, რომ ეს ის ახალი შტამია, უნდა ველოდოთ ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გამრავლებას. როგორია ვირუსი, ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი”, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.