ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნიკა მელიას თავმჯდომარეობა ნაციონალურ მოძრაობას, უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე აქამდე იყო” – ანალიტიკოსი

“ნიკა მელიას თავმჯდომარეობა “ნაციონალურ მოძრაობას,” პირადად ჩემთვის, უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე აქამდე იყო,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” არჩილ გამზარდიას “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ნიკა მელიას თავმჯდომარეობა “ნაციონალურ მოძრაობას,” პირადად ჩემთვის, უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე აქამდე იყო. მას საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს საიმისოდ, რომ პარტია არსებული ელექტორატის გარდა სხვებისთვისაც გახადოს უფრო მიმზიდველი.

მიუხედავად იმისა, რომ პარტია თითქოს ეფექტურად პოზიციონირებს, ნიკა მელიას მაინც საკმაოდ ბევრი დილემა და გამოწვევა აქვს თავმჯდომარის რანგში განსახორციელებელი:

1) ენმ-ს ადამიანური რესურსები:

– ამ საკითხში ახალმა თავმჯდომარემ მაქსიმალურად უნდა მოინდომოს შედგეს ლიდერად და მნიშვნელოვან ავტორიტეტად პარტიის წევრებისთვის პირველ რიგში, უნდა დაიწყოს რეალური მმართველობა, პოლიტიკურ საბჭოს მისცეს არა ფორმალური, არამედ ფუნქციური სივრცე, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მისცეს რეალურად საპატიო თავმჯდომარის სივრცე, მაგრამ არა მთავარი წარმმართველის.

– უნდა შექმნას ახალი ლიდერები პარტიაში – პირადად, მე, არაერთი საინტერესო სახე ვიცი ამ პარტიაში, რომელიც არ ჩანს და არ ეძლევა საშუალება პარტიაში წინსვლის.

– წინა მმართველობასთან დაკავშირებული პირები, რომელთაც თავის დროზევე ნეგატიური სახით აჩვენეს, უნდა გადაიყვანოს პარტიის პასივში და არა აქტივში.

2) ენმ-ს ორიენტირი და იდეოლოგია:

– ენმ-ს უნდა მისცეს არა პიროვნებაზე ორიენტირებული ვექტორი, არამედ იდეაზე ორიენტირებული ვექტორი, აქვე უნდა მოახერხოს იდეური განახლებაც, რადგან თავის დროზე, რა შინაგანი შინაარსიც შეიძინა ამ პარტიამ, თავის დადებითი როლიც უკვე შეასრულა და უარყოფითიც. შესაბამისად, ეს იდეა მოითხოვს ხელახალ შექმნას და რეკრუტირებას.

– გასაზრდელია შიდა დემოკრატია, ავტოკრატიზმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიით, მათ შორის, რეალური დემოკრატიით, მენტალური დემოკრატიითაც და შიდა დემოკრატიული სისიტემით.

3) ენმ-ს პოზიციონირება:

– განვითარება სჭირდება პარტიის პოზიციონირების საკითხსაც, რადგან არსებული პოზიციონირება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების მოცემულობაზეა ორიენტირებული და არა 2020-იანი წლების მოცემულობაზე, ინერციული სვლა უნდა ორგანული პროცესით დაიხვეწოს.

– პარტიამ უნდა მოიძიოს დამატებითი ნიშები, გარდა იმისა, რითიც დღეს პოზიციონირებს, რათა მეტი პერსპექტივა შექმნას და ჯერ პოტენციური ელექტორალური სივრცე შექმნას, შემდეგ დამატებითი ელექტორატი.
და ა.შ.

ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ პარტია ახლა უფრო საინტერესო გახდა იმათთვისაც, ვისაც არც ისე დადებითი წარმოდგენები ჰქონდა ენმ-ზე ან ნეიტრალური დამოკიდებულება, მაგრამ არც ისე გულშემატკივრული. პარტიას ახლა შეექმნა დამატებითი გარკვეული პერსპექტივა.
დანარჩენს ვნახავთ.

წარმატებები ნებისმიერს, ვინც შეძლებს ჯერ პარტიებში შექმნას რეალური დემოკრატია ავტოკრატული მართვის ნაცვლად და შემდეგ თავის წილს შეიტანს დღევანდელი სახელისუფლებო ავტოკრატიზმის დამარცხებაში.” – წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელექტრონულ არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

 

იტვირთბა....