უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და ფინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, Nokia-მ და ICEYE-მ, 22 ოქტომბერს განზრახვის წერილი გააფორმეს, რის ფარგლებშიც მხარეები კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეისწავლიან, განსაკუთრებით, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი სატელიტური კავშირის სისტემის შექმნის კუთხით.
შეთანხმების შესახებ კიევში ფინეთის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.
“უკრაინას სჭირდება უსაფრთხო, სუვერენული და მაღალი წარმადობის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები, რომლებსაც თავად აკონტროლებს.” – განაცხადა ICEYE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაფალ მოდჟევსკიმ.
Nokia Defense-ის თავმჯდომარის, მიკო ჰაუტალას თქმით, მხარეები შეისწავლიან, როგორ შეიძლება ასეთმა სისტემამ უკრაინის მდგრადობა გააძლიეროს და ქვეყანას მისთვის აუცილებელ კავშირგაბმულობაზე კონტროლი მისცეს.
Nokia-მ და ICEYE-მ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოქმედი სატელიტური კავშირის სისტემების ერთობლივად შექმნის გეგმა 1 ოქტომბერს წარადგინეს. კომპანიების განცხადებით, სატელიტები, სახმელეთო ინფრასტრუქტურა და ტერმინალები სისტემით მოსარგებლე ქვეყნების საკუთრებაში და მათივე კონტროლქვეშ იქნება.
კომპანიების საერთო პროექტის ფარგლებში პირველი საკომუნიკაციო სატელიტების გაშვება 2028 წელს იგეგმება. თუმცა, უკრაინული სისტემის ამოქმედების ვადა განცხადებაში ნახსენები არ არის.

