ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დაგიმალავთ, რეგულაციების შემსუბუქების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა საბჭომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ექიმები წინააღმდეგი იყვნენ ზოგადად, შემსუბუქების.

„თუმცა, ვიტყოდი, დაბალანსებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ექიმები ვართ და უპირველესი ჩვენთვის რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა. ამიტომ, რადგან ტენდენცია იყო უკეთესობისკენ და ამ მიმართულებით მივდიოდით, ზოგადად მიღებულია, რომ ეს შეზღუდვები, როგორც წესი, სულ მცირე, ხუთი-ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რიგი შეზღუდვები დავტოვეთ ძალაში და შემსუბუქება მინიმალური მოხდა. ის მხოლოდ დახურულ სავაჭრო ობიექტებს შეეხო.

ვიტყოდი, დაბალანსებულია, რადგან ხალხი ერთი მხრივ, გარკვეულწილად, დეპრესიულ მდგომარეობაშია, მეორე მხრივ, წინასაახალწლო პერიოდია, ამავე დროს, ბიზნესს მეტი სტიმული სჭირდება ამ დროს. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა. ამიტომ, ამ დროს დანის პირზე გვიწევს სიარული. ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მოსახლეობა კიდევ მეტად არ გაღარიბდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....