ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„შეცდომის საჯაროდ აღიარება არავის უყვარს“ – პოლიტოლოგი „სამართლიანი არჩევნების“ შესახებ

„შეცდომის საჯაროდ აღიარება არავის უყვარს“, – ეს განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ხელისფლების იმ კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელობა ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხარვეზს.

პოლიტოლოგის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნების” მხრიდან უხეში შეცდომა იყო დაშვებული, თუმცა იყო მცდელობა, რომ აღნიშნულ შეცდომაზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაკეთებულიყო.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეცდომა არ იყო. უხეში შეცდომა იყო დაშვებული. მერე იყო მცდელობა, რომ მიეფუჩეჩებინათ და ამ შეცდომაზე განსაკუთრებული აქცენტები არ გაეკეთებინათ. ეს ორი შეცდომა ხელისუფლებამ გამოიყენა იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკური შეტევა განეხორციელებინა. ფაქტია, რომ ორგანიზაციას ზიანი მიადგა. რამდენად შეძლებს „სამართლიანი არჩევნები“ რეპუტაციის აღდგენას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ხელისუფლების მთავარი საფიქრებელი ყველას და ყველაფრის გასვრა, მათი შეცდომების „გაბუქვა“ და სკანდალების აგებაა. ხელისუფლებას იმის ამოცანა კი არ აქვს, რომ საზოგადეობა განვითარდეს, ერთმანეთს შეცდომები ვაპატიოთ და გამოვასწოროთ, არამედ პირიქით, საზოგადოება წავიდეს დეგრადაციისკენ და ხელისუფლებას ჰქონდეს სათქმელი-მე არ მოგწონვარ? ისინი ჩემზე უარესები არიან. ეს არის დღეს მთელი იდეოლოგია, რომელიც ინერგება, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან მართვის ასეთი მოდელი, ასეთი ნეგატიური პროპაგანდა ქვეყანას უბიძგებს არა განვითარებისკენ, არამედ დეგრადაციისკენ, რაც საბოლოოდ უფსკრულით მთავრდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა “ინტერნეტპრესნიუსთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).

განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

იტვირთბა....