ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის ვიცე-მერი: 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

როგორც მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, უკვე მეოთხე წელია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე ნაკლები არ არის.

„ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილია მილიარდ 50 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც მომავალი წლის პირველივე თვეს, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ტრანსფერი, რომელიც ჩვენი შეთანხმების ნაწილია. ეს თანხებიც მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, პანდემიამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ნეგატიური გავლენა იქონია, თუმცა მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მლნ ლარს მიაღწევს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შეგახსენებთ, რამდენი იყო თბილისის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში – ეს იყო დაახლოებით, 700-800 მლნ ლარის ფარგლებში. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მოვახერხებდით, თბილისის ბიუჯეტს 1 მლრდ ლარისთვის მიეღწია. თუ გადახედავთ ბიუჯეტის ჯამურ ჭერებს 2018, 2019, 2020 და ახლა უკვე 2021 წლებისთვის, არც ერთ შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს თბილისისთვის, მისი მოსახლეობისთვის იხარჯებოდა მინიმუმ 1 მლრდ ლარი. ეს ციფრი 2021 წელს იქნება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. აქედან დაახლოებით, 1/3 ანუ 33% მიმართულია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა მითუმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალური ხდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელება. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი ხარჯები, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთელი თბილისის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი ჯამურად, 425 მლნ ლარს მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის საკრებულო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, თბილისის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

 

იტვირთბა....