“ივანიშვილმა წამართვა ჩემი კუთვნილი ქონება და შემომითვალა, თუ იქნები უფრო ლმობიერი ჩემ მიმართ, ქონება დაგიბრუნდებაო” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
როგორც არმაზ ახვლედიანმა განმარტა, მას ბიზნესი არასდროს ჰქონია და აღნიშნული ქონება მისი წინაპრების საკუთრება იყო, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელშია.
“ივანიშვილმა წამართვა ჩემი კუთვნილი ქონება და შემომითვალა, თუ იქნები უფრო ლმობიერი ჩემ მიმართ, ჩვენ მიმართ, თუ იქნები უფრო დამთმობი და არ ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ, ქონება დამიბრუნდება.
დანარჩენს მე განვიხილავ და ვიტყვი იმ სასამართლოში და პროკურატურაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელბი. მონების პროკურატურაში და სასამართლოში მე ამას არ გავაკეთებ. ეს ღირსების საქმეა. მიმიფურთხებია იმ ქონებისთვისაც.
მე ბიზნესი არასოდეს მქონია. ეს იყო ჩემი წინაპრების და ჩემი ქონება, რომელიც ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილისაა. რეპრესირებული ბაბუის და დედაჩემის მიერ ჩემთვის დატოვებული, ჩემზე გაფორმებული ქონება აჭარაში, რომელიც ახლა ივანიშვილის ქონებაა!
ხვალ შეიძლება კალაძე გამოვიდეს და ვინმეს ბინა აჩუქოს… ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ კახის, რომელიც ჩემ შემდეგ მოვიდა პარტიაში და ჩემი თანამდებობა დაიკავა, მერე კობახიძე, მე ხომ ამ ბატონებს ვიცნობ. 2015 წლის მარტამდე ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო “ქართულ ოცნებაში” ჩემ თანამდებობაზე მიღებული ხელფასი, არც დაიჯერებთ რამდენი იყო, დაქვითვების შემდეგ, ვიღებდი 1400 ლარს. ეს 1400 ლარი 8 თვე არ გადამიხადა კალაძემ, რა თქმა უნდა ღარიბაშვილან შეთანხმებით და ჩათვალეს რომ ამით გამტეხდნენ. ეს ხომ უზნეობა არის?
ქვეყანა იქცევა და ძალიან უხერხულია ახლა ჩემ ამბავზე რომ ვლაპარაკობ, რა მოსატანია. გუშინ ვუყურებდი კადრებს, ქაშუეთში გოგი ქავთარაძის დაკრძალვაზე მივიდა ბატონი ივანიშვილი. ზოგჯერ მიფიქრია, შემთხვევით რომ შემხვდეს, გადავა ქუჩის მეორე მხარეს, ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ, მეორე მხარეს გადავა, იმიტომ რომ შერცხვენილია ჩემთან”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.