ირაკლი შოთაძის განმარტებით, უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა იმის დასადგენად, თუ ვინ გაავრცელა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები,
შოთაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადგან კადრები უკრაინულ ინტერნეტ-პორტალზე აიტვირთა, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების თხოვნით საქართველოს შსს-მ უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, მაგრამ მათგან ჯერ პასუხი არ არის.
შოთაძის თქმით, აღნიშნული კადრები სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით აქვს დართული.
“უტყურად არის დადგენილი, რომ კადრებს კოხტა კოდუა იღებდა. ამ პირების მიერ მოხდა კადრების დამარხვა იქ, სადაც იქნა ნაპოვნი. კადრების ასლები ვისთან არის და ვისთან იყო, ამის დადგენა შეუძლებელია”, – განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კადრებში ასახულ დანაშაულზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის რაც ხდება, მეგის ქარდავასთვის და მისი თანამოაზრეებისთვის აპრობირებული მეთოდი იყო.
“ეს ძალადობრივი კადრები ერთი სისხლის სამართლის საქმის შემადგენელია. საუბარია ე.წ. კასრების სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა – როგორიც იყო მეგის ქარდავა და მისმა თანამშრომლებმა ე.წ. მიწურში ორი პირი აწამეს, რათა მათ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტი ეღიარებინათ. ეს აპრობირებული მეთოდი იყო მეგის ქარდავასთვის და მისი თანამოზრეებისთვის. ეს ადამიანები წამებით არ დაკმაყოფილდნენ და შემდეგ, კონკრეტული პიროვნების მეშვეობით, ორ პიროვნებაზე სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობის აქტი განხორციელდა, რაც საზარელი დანაშაულია. ჩვენ ამ საქმეზე პასუხისგებაში 11 ადამიანი მივეცით, რომელთა მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი წამებისა და სქესობრივი ძალადობის ფაქტებზე. თითოეული ადამიანი, ვისზეც შესაბამისი მტკიცებულებები მოგროვდა, დღესდღეობით მსჯავრდებულებია. ყველანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას გარდა, რომლებიც მიმალვაში არიან”, – თქვა ირაკლი შოთაძემ.
იტვირთბა....