ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟს სოციალური ქსელში ეხმიანება.
პატარაია პოსტს ატენის სიონთან მიმდინარე მშენებლობის ამსახველ ფოტოს ურთავს და წერს, აქ თუ მოხერხებენ ბულდოზერებით ნგრევას.
“აბა, ამას თუ მისდგებიან ბულდოზერებით? გაფაშფაშებული ტუტრუცანა მღვდლების მიერ დამახინჯებულ კულტურის ძეგლებს თუ დაიცავს ვინმე? სადაც ყინწვისის მთავარანგელოზს მწვანე მეტლახი დაუგეს, ატენის სიონს დაიცავს ვინმე? საქოცეთი მხოლოდ მდიდრებს და ძალაუფლების მქონეების უკანონო მშენებლობაზე ხუჭავს თვალს, ანდა, სულაც კანონიერად აცხადებს მათ ვანდალიზმს, უბრალოებმა ვიკითხოთ… ნიფხავივით რომ ამოიცვა ბიძინამ და მისმა შანტრაპამ ეს ეს ქვეყანა”, – წერს ბაია პატარაია.
თბილისის მერიის ინსპექციამ დღეს დილიდან აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლების დემონტაჟის პროცესი განაახლეს.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმა 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობები მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.