ეკატერინე ტიკარაძე: “ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება შეძლო”
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საპარლამეტო კომიტეტში გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებს.
მისი განცხადებით, „ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2020 წელს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა. ჯანდაცვის სერვისების სტრატეგიულ შესყიდვაზე, მონიტორინგსა და ხარისხზე ორიენტირებული ინსტიტუციის შექმნა, იყო ჯანდაცვის პრიორიტეტულობის პოლიტიკური დეკლარირება.
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარად მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. შედარებისთვის, თუ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მილიონ ლარს, 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის, დავალიანება იქნება არაუმეტეს 160 მლნ.ლარისა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა.
გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, მათ 1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით.“