“ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შეიძლება პანდემია – გამოწვევა, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ეს არის ყველა პატარა ქვეყნის შესაძლებლობა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით.
მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.