,,მუტაცია განიცადა ვირუსმა, განიცადა იმ ადგილას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის სტრუქტურაში” – ამის შესახებ ვირუსოლოგი, “იმპერიალ კოლეჯის” ლაბორატორიის სპეციალისტი ტატა ქებაძე აცხადებს.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში, თავდაპირველად კენტში, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა, ნოემბერში კი უკვე ლონდონში დაფიქსირდა. როგორც მან აღნიშნა, ვირუსებში მუტაციები სხვა დროსაც ხდებოდა, თუმცა, ამ შემთხვევაში პანიკის მიზეზი მისი გავრცელების სისწრაფეა. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების სტატისტიკამ დიდ ბრიტანეთში რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ მოიმატა.
“სამი ძირითადი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა აღინიშნოს, რატომ ატყდა ეს პანიკა, იმიტომ, რომ მუტაციები სხვა დროსაც ხდებოდა ვირუსებში, იმიტომ, რომ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება, ცვლილება არის ვირუსის მნიშვნელოვან ნაწილში და სხვა მუტაციებს დომინირება გაუკეთა. თუ ნოემბერში ახალი შემთხვევებიდან 1/4 იყო ახალი მუტაციის, დეკემბრის დასაწყისში 3/4 ახალი შტამი იყო.
,ბრიტანეთში 2 დეკემბერს რეგულაციები შეამსუბუქეს, ყველაფერი გახსნეს და ზუსტად ერთი კვირის თავზე ყველაფერი იყო გაორმაგებული. რაც თავისთავად სტატისტიკის მომატებაში აისახა და ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს ახალ შტამს, მაგრამ რომ იძახიან, 70% სწრაფად ვრცელდება, ამ 70 %-ში რამდენია მუტაციის წილი და რამდენი შეზღუდვების შემსუბუქების, საკითხავია,”- განაცხადა ,,რუსთავი 2-ის” ეთერში ტატა ქებაძემ.
ვირუსოლოგის თქმით, ამ ეტაპზე ბრიტანეთში ვირუსის ახალ შტამზე დაკვირვება მიმდინარეობს და თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება, მაშინ ვირუსთან საბრძოლველად არსებული ვაქცინა იმოქმედებს.