aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება ახლა სწორედ ამ ზღვარს ლახავს” – ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

“უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!
განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის საყურადღებოდ ვამბობ, რომელიც საკუთარი გულგრილობით თუ პოლიტიკისგან განზე დგომით, ხელისუფლებას დაუსჯელობის სინდრომს უღვივებს; მათიც, ვინც „ოცნებას“ ხმას„ნაციონალების“ რევანშის შიშით აძლევს – თქვენ ეს ერთხელ უკვე გამოსცადეთ, ნუ შექმნით თქვენივე დათრგუნვის და თქვენზე ძალადობის იარაღს. თქვენს მიერ ხმამიცემული ძალის ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე წლის წინ ამბობდა – კრიმინალთან ბრძოლის დროს თუ ბეწვის ხიდზე არ გაიარე, თავად შენ, ხელისუფალი, გახდები მონსტრიო. თუ ერთხელ დაუშვი ძალის გადამეტება, მერე თვითკონტროლის სადავეები ხელიდან გეცლება და აღმოაჩენ, რომ შენს მსხვერპლთა შორის უდანაშაულო ადამიანებიც არიან და თვალსა და ხელს შუა წაგშლია ზღვარი დამნაშავესა და უდანაშაულოს შორისო” – ასეთი შინაარსის წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე.
ლაგაზიძე სიფხიზლისკენ მოუწოდებს საზოგადოების ნაწილს, რადგან ის თვლის, რომ „ოცნება“ახლა სწორედ ამ ზღვარს ლახავს და თუ არ აღვუდექით წინ ამას და იმით დავიმშვიდეთ თავი, ის არასასურველ ოპოზიციას აკრძალავს, შეუწყვეტს დაფინანსებას, ხვალ ოპოზიციურ მედიას შეზღუდავს, რომელიც  შეიძლება დღეს ძალიან აღიზიანებდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაგრამ ხვალ, მისი თქმით, შეიძლება დამცავი ერთადერთი ფარი აღმოჩნდეს.
“მალე მის მსხვერპლთა რიგებს თქვენც შეუერთდებით. მინდა დაინახოთ, რომ დღეს თქვენს თავისუფლებას ჩვენივე საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი იცავს. როგორც კი მათ გატეხავენ, თქვენთვის მოიცლიან. ამიტომ, განსაკუთრებით მინდა თქვენ გთხოვოთ: ვისაც რევანშის და ტერორის დაბრუნების ეშინია, ვინც ეს თავის თავზე გამოსცადა. შეიძლება არ მოგწონდეთ არსებული ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ნუ დაკეტავთ სივრცეს თავისუფლებისთვის, ნუ წაართმევთ ცვლილებების შანსს ახალ ძალებს, ახალ თაობებს, ნუ შეუწყობთ ხელს საქართველოში შიშის ტერორის დამკვიდრებას” – წერს ლაგაზიძე.
ანალიტიკოსი თვლის, რომ ისეთ გლობალურ ცვლილებებში შევდივართ, როცა ქვეყანას მართლაც სჭირდება მრავალპარტიული მთავრობა და პარლამენტი იმისათვის, რომ ჯერ გადავრჩეთ და მერე გავძლიერდეთ.
“მეც თქვენთან ერთად მივეცი ხმა 2012-ში შიშის დასრულებას და ახლაც იმავეს მოგიწოდებთ: ჩვენი, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთზე წაკიდების და გათითოკაცების ხარჯზე, ამჯერად უკვე „ოცნება“ მიექანება შიშის დიქტატურისკენ. არ მოგწონთ არსებული ოპოზიცია, პოლიტიკური სპექტრი?! შევქმნათ ახალი, ოღონდ ამ ქვეყანას სიძულვილის, გაუტანლობის, დაუნდობლობისთვის ნუ გავწირავთ, ჩვენს განსხვავებულად მოფიქრალ მეზობელში, თანამშრომელსა თუ უბრალოდ, თანამოქალაქეში მტერს კი ნუ დავინახავთ, არამედ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით გაიზარდა, ჩვენს გვერდით შრომობს და ჩვენთან ერთად ცდილობს გადარჩეს. როგორადაც არ უნდა გვიჭირდეს ამის დანახვა, ჩვენი ერთი ბედით ვართ დაკავშირებულნი, ამიტომაც არსებული სირთულეებიდან თავის დაღწევა არა- ერთმანეთის ხარჯზე, არამედ მხოლოდ ერთად შეგვიძლია! ვირუსი, შიმშილი და გაჭირვება არ არჩევს„მეოცნებეს“, „ნაციონალს“, „ლელოელს“ თუ„გირჩელს“, მხოლოდ ერთად შევძლებთ არა- გაჭირვებამ, არამედ გამარჯვებამ გაგვაერთიანოს!” – წერს ლაგაზიძე.
იტვირთბა....