“როგორც წესი ვამბობთ, რომ ასეთ პანდემიას დაახლოებით 2 წელი სჭირდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ ნახევარი გზა უკვე გავიარეთ”, – ამის შესახებ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ისაუბრა.
„ჩემი გზავნილი ასეთია – არ შეცდეთ და არ იფიქროთ რომ ეს ნორმალური ვირუსია. ეს ვირუსი თითოეულ ინდივიდზე განსხვავებულად მოქმედებს. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, საერთოდ არაფერს გრძნობს, თუმცა მე მინახავს ხალხი, მათ შორის ჩემი მეგობრები, ძლიერი სპორტსმენები, რომლებიც ამ დაავადებამ ძირს დასცა არა მხოლოდ ორი კვირით, არამედ ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი აქვთ. თვეების განმავლობაში, ხალხი დაღლილია, ვერ იძინებენ, აქვთ დეპრესია. ამგვარად, ეს არ არის ნორმალური ვირუსი და მას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მართალია, ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოწყვლადია ინფიცირებისადმი, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კონკრეტულად ასაკოვან ჯგუფშია უფრო მაღალი.
ჩვენ ასევე შესანიშნავი დისკუსია გვქონდა ფანტასტიურ პედიატრთან კოვიდ-საავადმყოფოში. გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და მე ვკითხე, თუ რა ვითარება გვაქვს ბავშვებთან. არიან ჰოსპიტალიზებული ბავშვებიც, თუმცა ამ დროისთვის, საბედნიეროდ შედარებით იშვიათია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამგვარად, ვირუსი ყველას ეხება, თუმცა ვიცით თუ რომელი ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი და ვინ შეიძლება იმსხვერპლოს ამ ვირუსმა“, – განაცხადა კლუგემ.