ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე” – ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით

“თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია, ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ,” – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

როგორც გამყრელიძემ პირველ არხის ეთერში საუბრისას განმარტა, მოსახლებამ წლევანდელი შობა-ახალი წელი სხვანაირ ფორმატში და მოკრძალებულად უნდა გაატაროს.

„კარგია, ახალი წელი მოდის და ახალი იმედებია, მაგრამ ძალიან მძიმე წელს ვტოვებთ 2020 წლის სახით, რომელშიც ამ დაავადებამ თითქმის 2 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ქვეყნაში და ეპიდემია უკან არ იხევს. მოკრძალებულები უნდა ვიყოთ უკიდურესად, უნდა შევზღუდოთ ერთმანეთთან სიარული, ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთად იქნება, უნდა შეიზღუდოს. დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. მესმის, ბიზნესი, შემოსავალი, ყველაზე მაღლა კი, მაინც ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე და მეტი. ყველას მოვუწოდებ რომ ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 28 ნოემბრიდან შემოიღო, ამ ეტაპზე უცნობია.

ხოლო ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 21 დეკემბერს მიიღებს.

იტვირთბა....