საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვედა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დაესწრო თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის – „ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი.
„ჩალიკ ჰოლდინგმა“, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ესწრებოდა.