რა ევალება კონკრეტულად ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, ვახტანგ კეჟერაძეს?
ვახტანგ კეჟერაძის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წლიური ხელფასის და დანამატების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ აუდიტის სამსახურის ჩინოვნიკის დაქირავება ქართველ გადასახადის გადამხდელებს 2015 წელს (იანვარ-ოქტომბრის პერიოდში) 70 ათასი ლარი დაუჯდათ.
2015 წელს 10 თვის განმავლობაში მან ხელფასის სახით 70 000 ლარი აიღო. სექტემბერში კი პრემიის სახით 4 500, ჯამში კეჟერაძის ანაზღაურებამ 74 500 ლარი შეადგინა.
როგორც კეჟერაძის მიერ 2015 წლის მაისში შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მან წინა წელს, ანაზღაურების სახით, 84 000 ლარი აიღო, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა იმავე წელს დეპარტამენტის უფროსს დამატებით 7 200 ლარი გადაუხადა, ამჯერად როგორც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერს.
საინტერესოა, რას საქმიანობს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, კონკრეტულად, რა ევალება მას და რატომ იღებს ამხელა ანაზღაურებას მისი ხელმძღვანელი?
„ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან და წარუდგენს მას აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მომოხილვის წლიურ ანგარიშს.“ – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის ოფიციალურ გვერდზე.
ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით აუდიტის სახელმწიფო სამსახურს, მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს.