“მითხარით, გეთაყვა, რა მიზნით გვიცხადებენ ჩვენ, მოსახლეობას, ყოველდღიურად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ?” – აღნიშნული კითხვით “საქინფორმის” რედაქტორი და პუბლიცისტი, არნო ხიდირბეგიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს.
“მეტრონომი” არნო ხიდირბეგიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ბატონო გიორგი!
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისედაც არ აქვს ფული დიდი სუფრებისთვის, ისინი ახალ წელს ძალიან მოკრძალებულად, ოჯახის ვიწრო წრეში შეხვდებიან. ხოლო მდიდრები თქვენს ნათქვამს ყურად არ იღებენ და მაინც დიდ სუფრებს გაშლიან, რადგან მათთვის კანონი არ კანონობს.
მაშ, ვისთვის არის გათვალისწინებული თქვენი რჩევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას მხოლოდ გააღიზიანებს?
ხალხი უკვე ყურადღებას აღარ აქცევს იმას, რასაც ტელევიზორში ამბობენ გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და კიდევ რამდენიმე მუდმივი კორონა–სპიკერი. საქართველოში ვერავინ გაარკვია, რომელი მათგანია ინფექციონისტი, ვინ – ექიმი, ვინ ლუგარის ლაბორატორიის დირექტორი და ვინ ცენტრის დირექტორი, რომელმაც თითქოსდა უნდა აკონტროლოს დაავადებები.
უკვე ერთი წელია, რაც მათი პროგნოზები, რომლებიც, ჩვეულებრივ, განსხვავდება ერთმანეთისგან, არასოდეს მართლდება – არც მაშინ, როდესაც ისინი ზღვა კუბოებით გვაშინებენ და არც მაშინ, როცა გვამშვიდებენ აქაოდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის წყალობით ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთო და ა.შ.
თუმცა, ბატონო გიორგი, საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქეები პატივს გცემენ და გისმენენ. მაშ, რატომ უნდა იფიქრონ, რომ მათმა პრემიერ–მინისტრმა არ იცის, როგორ უჭირთ ცხოვრება და რომ დიდი ხანია დიდი სუფრების მოწყობის შესაძლებლობა წაერთვათ?
ამიტომ, თქვენსავე ინტერესებშია, არ გაიმეოროთ ვიწრო სპეციალისტთა დაუფიქრებელი რჩევები, რისთვისაც მათ, რატომღაც, მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი, ღერბიანი ტრიბუნა დაუთმეს.
მითხარით, გეთაყვა, რა მიზნით გვიცხადებენ ჩვენ, მოსახლეობას, ყოველდღიურად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ?
თუ რაოდენობა იზრდება, ეს პანიკას და ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით ბრალდებებს იწვევს, ხოლო თუ მცირდება, მაშინ ჩვენი ხალხი დუნდება სრულებით უსაფუძვლოდ, რაც კიდევ უფრო უარესია!
და კიდევ – რა მიზნით გვატყობინებენ დეტალებს წამლებისა და ვაქცინების შესახებ და შემდეგ ყოველდღე ცვლიან ნათქვამს?
თავიდან ვაქცინა მარტი-აპრილში უნდა შემოსულიყო, ახლა კი, როგორც გვითხრეს, სადაცაა შემოიტანენ და მის გასანაწილებლად რაღაც კომისიაც შეიქმნა.
თავიდან საერთოდ არ აპირებდნენ „რემდესვირის“ შეძენას, გუშინ კი უკვე ასიათასობით შემოიტანეს. ვის მისცემენ მას, აქაოდა, ამას ბატონი ცერცვაძე გადაწყვეტს, რომელიც, სხვათა შორის, ნიღაბს არასოდეს ატარებს.
რატომ ეცნობა მოსახლეობას ასეთი დეტალები?! და ავადმყოფთა ნათესავებმა რომ ამ მოხუცთან რეკვა და სახლთან ჩასაფრება დაიწყონ?!
ვინ აგებს პასუხს, მას რომ რამე დაემართოს?! ალბათ ის, ვინც გუშინ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუფიქრებლად მისცა…“- წერს ხიდირბეგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს, მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონის გამო ურჩია, შობა-ახალი წელი მოკრძალებულად ჩაატარონ.
ამასთან, 17 დეკემბერს, გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა და გამყრელიძის სიტყვები გაიმეორა, რომ მოქალაქეები მოკრძალებულად უნდა შეხვდნენ ახალ წელს, რათა უფრო მეტად არ გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი.