“უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში,” – აღნიშნული განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, იქნება თუ არა წარმოდგენილი მთავრობის ახალ შემადგენლობაში.
გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ შს მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.
“რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაელოდეთ”,- განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ გიორგი გახარაია დაასახელა. სწორედ მან უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.