როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ბრიუსელიდან საკმაოდ სასიამოვნო რეკომენდაციები ელის. მისი თქმით, სულ მალე, ქვეყნის მოსახლეობას საშუალება ექნება შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდეს.
„ჩემი საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში სახეზეა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელა. საქართველო წარმატებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის ღონისძიებებში, რაც საბოლოოდ, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას განაპირობებს”, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ედგარს რინკევიჩსი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ქართველ კოლეგას შეხვდება. ასევე დაგეგმილია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი დიცის და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მონახულება.