ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფიქრობ, ოცნების უგუნურება ამერიკისა და ევროკავშირის ელჩის პოზიციითაა გამოწვეული”- თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

რგორც ჩერგოლეიშვილი წერს,  „ქართული ოცნების“ უგუნურება საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის და ევროკავშირის ელჩის პოზიციითაა გამოწვეული.

“პარტიების დაფინანსების ამ მოდელზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო საერთაშორისო მეგობრების ზეწოლით.

ბიზნესს ოპოზიციის დაფინანსება ეშინოდა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაჩაგრავდა და სამართალს ვერსად იპოვიდა. ეს იყო პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების მოტივაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზეზით დათანხმდა -საერთაშორისო ზიანის თავიდან აცილება სურდა.

სულ მალე – ოპოზიციის ბოიკოტის დაიწყო და მით უმეტეს, მმართველი პარტიის ინტერესებში იყო ეჩვენებინა, რომ ოპოზიციას არსებობის საშუალებას აძლევს. „ქართული ოცნება“ პირიქით იქცევა.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ უგუნურება საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის და ევროკავშირის ელჩის პოზიციითაა გამოწვეული. ფიქრობენ, რომ რადგან ელჩები ბოიკოტის წინააღმდეგები არიან (შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო), ოპოზიციისთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვასაც მხარს დაუჭერენ, ან თვალს დახუჭავენ.

იმას ვერ ხვდებიან, რომ ელჩებისთვის ისედაც პრობლემაა მათ მიერ ლობირებული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა – მრავალპარტიულ პარლამენტს ელოდნენ და ერთპარტიული მიიღეს ივანიშვილის ღორობის გამო.

არც იმის მტკიცებამ გაჭრა, რომ 30 წელია ამ დღეში ვართ და ახლაც უნდა გადავყლაპოთ – ოპოზიციამ სტრატეგიული ერთიანობა შეინარჩუნა და პარლამენტი ერთპარტიულია.

ვნახოთ, პარტიებისთვის საარსებო თანხების გადაკეტვა ვისთვის აღმოჩნდება პრობლემა – ივანიშვილისთვის, თუ ოპოზიციისთვის”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება. აღნიშნული ინიციატივის წესით პარლამენტში კანონპროექტი უკვე შევიდა.

იტვირთბა....