შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს – თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობი – 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თანნაქონი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.