ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას.
მისი განცხადებით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“.
„საყოველთაო ამინისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა. ერთადერთი დეტალი, რაც მისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მინდა, შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება, ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“, ხოლო თუ საკუთარი ცოდვების „გაპრავება“ უნდა „ქართულ ოცნებას“, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით. თუ ეს საყოველთაო ამინისტიაა, ყველას უნდა შეეხოს ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამინისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამინისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს. ამიტომ დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებს „ქართული ოცნება“ და უფრო დეტალურად აგვიხსნის, რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.