“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შემდეგ სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერის, კახი კალაძის არასრულწლოვანი შვილის ფოტოს გავრცელებას ეხმიანება.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, კახი კალაძე არც მის შვილებს გაფრთხილებია.
“და კიდევ ერთი – კალაძე არ გაფრთხილებია ჩემს შვილებს, როდესაც მისი პარტიის ბანდერლოგები ჩემი და კალაძის შვილის საცხოვრებელ სახლს ქართული ოცნების დავალებით ამახინჯებდნენ გიგა ბოკერია რომ გამოელანძღათ. მეზობლები არიან ბავშვები – ხვდებიან ეზოში ერთმანეთს.
კალაძის ზნეობა ეგაა – ეგრე გაზარდეს ოჯახში. მაგრამ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ბავშვების გარევა და არაფრით ვასხვავებ კალაძისგან მათ, ვინც ასე უზნეოდ იქცევა.
არ უნდა მოექცეთ არც კალაძის შვილს ისე, როგორც თქვენს შვილებს არ გინდათ მოექცნენ – სირცხვილია,”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.
ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც კახი კალაძე და აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამაკაცი შვილებთან ერთადაა გამოსახული.