თურქეთიდან გამოსული პირველი სატვირთო მატარებელი, რომელმაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიარა, ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე არსებულ ქალაქ ხორგოსში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az-ი წერს.
გამოცემის ცნობით, შემადგენლობა 42 კონტეინერისგან შედგება, სადაც თითოეული კონტეინერის წონა 40 ფუნტია.სააგენტო „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო შემადგენლობამ 6 593 ათასი კილომეტრი გაიარა.
სარკინიგზო შემადგენლობამ უკვე გაიარა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორი – ანკარა, სივასი და ყარსი, რის შემდეგაც საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ჩავიდა, ხოლო შემდეგ კონტეინერები ბაქოს პორტიდან სატრანზიტო გზით სატვირთო გემით „Beket Ata” ყაზახეთში გაიგზავნა, რასაც მისი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე – ჩინეთში სიანის პროვინციაში ტრანსპორტირება მოჰყვება.
42 კონტეინერისგან შემდგარი სატვირთო შემადგენლობის საერთო გასავლელი მანძილი 8 693 ათასი კილომეტრია (ორი კონტინენტი, ორი ზღვა და 5 ქვეყანა). თურქეთიდან ჩინეთში ჩასვლისთვის გათვლილი დრო კი 12 დღე-ღამეს შეადგენს. სტამბულიდან სიანში ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით გაგზანილი შემადგენლობის ოპერატორები საერთაშორისო სატრანსპორტო კონსორციუმის წევრები – ADY Konteyner (აზერბაიჯანი),KTZ Express ( ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) და Pasific Eurasia Logistics (თურქეთი) არიან.
შეგახსენებთ, რომ სატვირთო შემადგენლობა თურქეთიდან 4 დეკემბერს გავიდა. ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება. საქართველოში აღნიშნული საექსპორტო მატარებელი 8 დეკემბერს შემოვიდა.