ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი ქვეყნებიდან ეთქვათ შემოსვლაზე უარი საზღვართან, შსს არ აკონკრეტებს

პარიზის ტერაქტების შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე სულ უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა უარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ცხადაძემ „მეტრონომთან“ საუბარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ მიიჩნევენ საჭიროდ იმის დაკონკრეტებას, იყო თუ არა ამ 479 ადამიანს შორის ისეთი, ვისაც საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის – გიორგი მღებრიშვილის დავალებით გამკაცრდა სავიზო კონტროლი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მგზავრებს დეტალურად ესაუბრებიან და მათი ვიზიტის ნამდვილ მოტივაციას ავლენენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ. ზემოხსენებული პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტარდება. 2015 წლის 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მიზნით, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

იტვირთბა....