ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. გავიაზროთ ეს – “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“რესპებმა პირველებმა მოვითხოვეთ აშშ- ის სამხედრო ბაზები საქართველოში.
გონიოს ყოფილი საბჭოთა სამხედრო პოლიგონი მაგარი ადგილია ახალი საუნივერსიტეტო, ბიზნეს და ტურისტული ცენტრისთვის, ჭოროხის გაღმა- გამოღმა ძველი, ახლანდელი და მომავლის ბათუმისთვის.
ამასთანავე გაგიმხელთ, აშშ-ის საზღვაო/ სამხედრო ბაზისთვის გავიმეტებდით ამ ადგილს ბათუმელები.
იქვე კიდევ ერთი კარგი ადგილია ჭოროხის სანაპიროზე სამხედრო ბაზისთვის.
მოკლედ, აშშ- ის ბაზაც გვინდა, ნატოც. ამერიკის და ევროკავშირის ელჩებიც საქართველოს მეგობრები არიან.
1990-1991 წლებში დასავლელი დიპლომატები, ექსპერტები, ხელისუფალნიც კი რომ გვეუბნებოდნენ, დარჩით განახლებულ საბჭოთა კავშირშიო, გული გვწყდებოდა. პრეზიდენტმა ბუშმა რომ ბრძანა 1991-ის ზაფხულში, გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიდისო, მე სრულიად სოლიდარული ვიყავი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელმაც უპასუხა, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო.
ძნელი იყო ჩემთვის, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ადამიანისთვის დასავლელი პოლიტიკოსების, დიპლომატების, ექსპერტების ნაწილის შეურაცხმყოფელი, ზერელე, უვიცი პასუხები – დარჩით განახლებულ საბჭოთა კავშირშიო. ადამიანები, რომლებიც წინაპრების მიერ მოპოვებული თავისუფლებით სრულად სარგებლობდნენ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს უარს გვეუბნებოდნენ ჩვენით მოპოვებული თავისუფლების ლეგიტიმაციაზე.
მაგრამ დიდი სოვეტოლოგის, ისტორიკოსის, პოლიტოლოგის, რეიგანის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, რიჩარდ პაიპსის ჩემთან ნათქვამიც და მერე საჯაროდაც მალე გაცხადებული პოზიცია უფრო წონიანია. “რეიგანს ვეუბნებოდით მე და სახელმწიფო მდივანი ალექსანდრე ჰეიგი, კომუნიზმს ვერ დაამარცხებთ სსრკ-ს დანგრევის გარეშეო, არ დაგვიჯერაო”.
პირდაპირ უნდა ვთქვა – იმის მიუხედავად, რომ აშშ- ს კონგრესმენის ნაჩქარევმა, უპასუხისმგებლო განცხადებამ 2008- ის 6 იანვარს ადრე დილით , რომ სააკაშვილმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, მართლა ასიათასიანი მიტინგის ფონზე უსუსური, უფერული, შეშინებული ინაუგურაციის მიუხედავად, არ გაგვჩენია ანტიამერიკული განწყობა. არც ელჩის ” მხილება” დაგვიწყია. ოპოზიციასთან შეთანხმებულ პროპორციულ სისტემაზე ენმ- ს უტიფარი უარი რომ გადაყლაპა საელჩომ, არც ამის გამო დაგვიწყია ელჩის ” მხილება”. არც საზიზღარი საარჩევნო საპარლამენტო გარემო და არც არჩევნების გაყალბება ყოფილა რესპებისთვის ამერიკის საელჩოს უკიდეგანო კრიტიკის საფუძველი. არჩევნებიც კარგად მიგვიყალბეს და არ აღშფოთებულია ელჩი…
დასავლეთის პატრონაჟის გარეშე საქართველო არ იარსებებდა ამ პოსტსაბჭოთა ოცდაათწლიან პერიოდში. ეს გვაქვს გაცნობიერებული.
გული დამწყვეტია ხშირად, რომ ქართული სახელისუფლებო უწესობა არ ყოფილა მათგან სრულად და ყოველთვის დაგმობილი.
იმპერიაში დარჩითო, ესეც კი უთქვამთ ჩემთვის – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, სსრკ მოძულე ადამიანისთვის. ამიტანია.
აშშ- ს და ევროკავშირს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ საქართველოს მიმართ. ვეცადოთ, მეტად დავაახლოვოთ ჩვენს ოპოზიციურ ხედვებთან.
ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. გავიაზროთ ეს”, – წერს ბერძენიშვილი.