საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გაეროს გენერალურმა მდივნმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
აღნიშნულ ვიდეოში ფხაკაძე ტაქსის მძღოლებს და ბანკირებს მიმართავს:
“პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის: როცა კლიენტი ჯდება თქვენს მანქანაში გათბობა გამორთეთ. მეორე, აუცილებლად შეეცადეთ მაქსიმალურად, რომ ადამიანი იჯდეს თქვენს უკან, თქვენს გვერდზე არავინ არ იჯდეს, რომ ნაკლები იყოს დაინფიცირების შანსი. თქვენს მხარეს ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, მაგრამ, თქვენს გვერდზე და თქვენს უკან უნდა იყოს ღია, რომ გამოვიდეს ორპირი და განიავდეს. პრაქტიკულად ასე ხდება ჰაერის დაბლოკვა.
შეეცადეთ ყოველთვის, რომ ხალხი, რომელიც ჯდება თქვენს მანქანაში იყოს ერთი ოჯახის წევრი. მაგალითად, გზაში რომ შეგხვდეთ ერთი კაცი, მერე მეორე აიყვანოთ ეს არ გააკეთოთ.
ბანკირებო მე გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ და მოიფიქროთ ასეთი პროდუქტი, რომელიც ერთ კვირაში გაკეთდება თუ მოინდომებთ. გააკეთეთ სპეციალური პროდუქტი მძღოლებისათვის. ტაქსის მძღოლი არის რისკის ქვეშ იმიტომ, რომ კლიენტები იხდიან ძირითადად ნაღდი ფულით და ეს არის ძალიან ცუდი. იმიტომ, რომ იქ ხდება ხელით შეხება, ანუ, ინფექციის გავრცელების რისკი არის ძალიან მაღალი. ხომ შეიძლება რაღაც ისეთი მოიფიქროთ, რომ ბარათებით გადახდა იყოს ეფექტური და უნდა იყოს იაფიანი. ბოდიში, მაგრამ თქვენ დიდ გადასახადებს აწესებთ ბარათების მოხმარებაზე, რომელიც კლიენტებისთვის არაფერი არ არის, მაგრამ ტაქსის მძღოლებს აჭრით 3 თუ 4%-ს. სირცხვილია. არის დრო, როცა ფული უნდა იშოვო და არის დრო, როცა უნდა დაუდგე ხალხს გვერდზე. დაურიგეთ ტერმინალები ტაქსის მძღოლებს, ბოლოსდაბოლოს შეიძლება იყოს რაღაც აპლიკაცია.
მე ჯერ გაფრთხილებთ, გეუბნებით თუ არ გააკეთებთ… მეგობრები მყავს ჟენევაში, რაღაც აპლიკაციას ჩამოვიტან საქართველოში წაგართმევთ კლიენტებს. სანამ მე ამას გავაკეთებ, გთხოვთ დაფიქრდეთ.”, – განაცხადა ფხაკაძემ.