ახალი ამბები მთავარი

“ამ ნაწილში ეკატერინე ტიკარაძეს ტაში ეკუთვნის” – ანზორ მელია

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი, ანზორ მელია, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, ახალი პროგრამისთვის, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2021 წლის იანვრიდან იწყებს, მადლობას უხდის.

როგორც მელია აცხადებს, ” ამ ნაწილში ეკატერინე ტიკარაძეს ტაში ეკუთვნის”.

საუბარია 2.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესყიდვას და მათთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ 2019 წელს მიღებული 520-ე დადგენილება კლინიკებისთვის განსაკუთრებულად პრობლემური სწორედ დეფიბრილატორების გამო იყო. კლინიკები მიუთითებდნენ, რომ დეფიბრილატორის შეძენის ზღვრული ტარიფი, რაც მთავრობამ დადგენილებით გაწერა, ამ აპარატების შესყიდვის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო.

როგორც მელია აღნიშნავს, 520-ე დადგენილებით გაწერილი ტარიფები იმდენად დაბალი იყო, რომ ნახევარ წელზე მეტია, რაც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია არ გაუკეთებია.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან გონივრული და დროული გადაწყვეტილება მიიღო. ეს საშუალებას მოგვცემს, ასეულობით ავადმყოფს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, რადგან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია ძვირადღირებული პროცედურაა; ჩვენ დეფიბრილატორს ვყიდულობდით 6-7 ათას დოლარად და სახელმწიფო არ გვიფინანსებდა ამ პროცედურას, ამიტომ ნახევარ წელზე მეტია ეს აპარატი არ ჩაგვინერგია და იმიტომ კი არა, რომ პაციენტები არაა, არამედ იმიტომ, რომ საშუალება არ იყო; რადგან სამინისტრო თავად ყიდულობს და შემოაქვს ეს აპარატურა, თან ერთდროულად 200-ზე მეტი, ბუნებრივია, შესასყიდი ფასი უფრო დაბალია და მათ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე – ჩვენ. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის მისწრება. სამინისტროს კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან დიდი შვება ვიგრძენით, რომ ეს პროგრამა გამოაცხადეს, რადგან ამას ველოდით და ეს დროც დადგა. ბედნიერი ვარ, რომ მექნება საშუალება ჩემს პაციენტებს საჭირო ოპერაცია ისევ გავუკეთო. ამ ნაწილში ტაში ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს“, – აცხადებს ანზორ მელია.

წყარო: Bm.ge

იტვირთბა....