მშობლები ჰყვებიან, თუ როგორ უტრიალებენ ტვინებს მათ შვილებს
რამ გამოიწვია ახალგაზრდების იდეოლოგიის ასეთი ცვლილება? ISIS-ის ქართველი მებრძოლების – ბადრი ირემაძისა და მამუკა ანთაძის მშობლები “ისლამური სახელმწიფოს” სახელით ქართველების მისამართით გავრცელებული ვიდეო-მიმართვის შემდეგ,საკუთარი შვილების მრწამსზე და ბოლოდროინდელ ცხოვრებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მებრძოლის მამა, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საქართველოს მოქალაქეთა გაზრდილ რიცხვს უშიშროების უმოქმედობასაც უკავშირებს.
„დაოჯახებული იყო, მაგრამ მეუღლემ დატოვა. 3 თვეა დაიწყო საუბარი, რომ „მუსლიმები უნდა გაერთიანდნენ“, „ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში“ და ასე შემდეგ. სულ გაუცხოვდა, ჩვენ ერთ სახლში არ ვცხოვრობთ. ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ბოლოს სექტემბრში ვნახე, დამემშვიდობა. სექტემბრის ბოლოს ტელეფონზე დამელაპარაკა და მითხრა, რომ მეტს ვეღარ მნახავდა“, – ამბობს ბადრი ირემაძის დედა.
“ჩემი შვილი სხვისი გავლენის ქვეშ მოექცა. დაანება სამსახურს თავი და სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ” – აცხდებს მამუკა ანთაძის მამა, თამაზ ანთაძე.
„წელს არ ჩაურტყეს საბაჟოზე ბეჭედი, უშიშროებასთან აქვს პრობლემებიო. მივედით უშიშროებაში, გავესაუბრეთ და იქ მითხრეს ცუდ ხალხთან მეგობრობსო. გაგვიშვეს, თუმცა თურქეთში გამეპარა, სასწრაფოდ დავურეკე უშიშროებას, მიშველეთ დამეხმარეთ გაიქცა მეთქი. არავინ ყურადღება არ მომაქცია. მე დაზარალებული ვარ, ერთადერთი შვილი მყავდა, მისი ამბავი არც მიკითხავს და არც ვიკითხავ – ჩემთვის დაკარგულია. ჩვენ რომ პარასკევის ლოცვა გვაქვს, ესენი არ გვეკარებიან ცალკე ლოცულობენ. ახალშენში იკრიბებიან (დასახლება აჭარაში), ძალიან ბევრნი არიან. ფსიქოლოგები ჰყავთ, არ ვიცი საიდან, გეუბნებით ტვინს უტრიალებენ, ეუბნებიან თქვენ ახლა სახლში, რომ მიხვალთ პირველი გამოცდა მშობლებთან ურთიერთობაა, ისინი იქნებიან თქვენი პირველი მოწინააღმდეგეებიო, ეს გამოცდა უნდა ჩააბაროთო“, – ამბობს მამუკა ანთაძის მამა.