მსახიობმა, დიმიტრი ტატიშვილმა “გზასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა კატასტროფის პირას კი არა, უკვე კატასტროფაშია.
როგორც ტატიშვილმა აღნიშნა, საქართველო დაემსგავსა იმ თითზე ჩამოსათვლელ სახელმწიფოებს, სადაც ერთპარტიული პარლამენტია.
„არც პესიმისტი ვარ, არც უტვინო ოპტიმისტი, უფრო რეალისტი გახლავართ. თუ ახლა თავი დავაღწიეთ გახრწნილ რუსეთს, გვეშველება, თანაც – სამუდამოდ, მაგრამ თუ ეს ვერ მოვახერხეთ, მაშინ ასევე სამუდამოდ დავრჩებით მონურ რეჟიმში.
უსინდისოებს არასოდეს დავუთმობთ სამშობლოს. კატასტროფის პირას კი არა, უკვე კატასტროფაში ვართ. დავემსგავსეთ იმ თითზე ჩამოსათვლელ სახელმწიფოებს, სადაც ერთპარტიული პარლამენტია. ქვეყანა გადასარჩენია. ჩემს პროფესიასაც, ამ ეტაპზე, ამ კუთხით მივმართავ – დოკუმენტური ფილმების სახით რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვი. არასოდეს მიღალატია ჩემი პრინციპებისთვის, არც ერთი მთავრობისგან არ მქონია არც პრივილეგია და არც ჯილდოები. არც ველოდები და არც მჭირდება. უბრალოდ, ვარ ჩემი ქვეყნის შვილი და ვიცი, როგორ უნდა მივხედო მას. ჩვენი ქვეყანა ჩვენ თუ არ გადავარჩინეთ, უბრალოდ, აღარ იარსებებს. მე აღარ მინდა რუსეთში, ტყუილების სახელმწიფოში ვიცხოვრო. მოგეხსენებათ, როცა ზარბაზნები ქუხს, მუზები დუმს. ახლა ვითარება ასეთია: სამშობლოს ვკარგავთ. პირველ რიგში, მისი გადარჩენაა საჭირო და აუცილებელი. როცა ამას მოვახერხებთ და ზარბაზნები დადუმდებიან, მერე უკვე მუზებიც “ახმაურდებიან” (იღიმის)”, – განაცხადა მსახიობმა.