ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

74 წლის ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონია

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა  – მან 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ბოლო ტურში  ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნომებერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).

მეხუთეჯერ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). ტიტული დათმო ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან 1978 წელს (6,5:8,5).

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.

ნონა გაფრინდაშვილი ასევე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონია.

იტვირთბა....