ნიუ ჯერსიში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც მეუღლე თირკმლის უკმარისობით გარდაეცვალა, ემზადება, რომ თავისი თირკმელი სხვა ქალს მისცეს – ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. გოგონა, რომელსაც გლენ კალდენბერკი სიცოცხლეს სრულიად უანგაროდ ჩუქნის, ქართველი ახალგაზრდა გოგოა.
გლენ კალდენბერგი NBC10 Philadelphia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ნინოს შესახებ შეცდომით განთავსებული განცხადების წყალობით შეიტყო. ”შემთხვევით თვალში მომხვდა Egg Harbor City-ში მცხოვრები ნინოს და მისი მეუღლის განცხადება. ნინოს აუტოიმუნური დაავადების გამო თირკმლის უკმარისობა აქვს და თირკმლის გადანერგვა სჭირდება. ნინო და მისი მეუღლე დონორს ეძებდნენ განცხადებაში, რომელიც შეცდომით იმ განყოფილებაში იყო განთავსებული, სადაც მე ჩემი სამუშაოსთვის სამშენებლო მასალებს ვეძებდი.”
გლენმა 4 წლის წინ მეუღლე ჯესიკა თირკმლის უკმარისობით დაკარგა. დონორის პოვნას წლები სჭირდება, დაავადება კი არ იცდის. ”მე და ჯესიკაც ვავრცელებდით განცხადებებს, დონორს ვეძებდით, მაგრამ სამწუხაროდ არავინ გამოგვეხმაურა. სწორედ ამიტომ, როგორც კი ნინოს შესახებ შევიტყვე, მაშინვე დავუკავშირდი მის ქმარს.”
“მე ვიცი, როგორ უმწეოდ გრძნობს ის თავს“, – აცხადებს კალდერბენკი, “მას არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ დახმარება ითხოვოს ისევე, როგორც მე ვიყავი 4 წლის წინ, მაგრამ ჩვენ არავინ დაგვეხმარა. სწორედ ამიტომ მე მივცემ ნინოს ჩემს თირკმელს”.
გლენი შეხვდა ნინოს, ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მათი სისხლი შესაბამისობაშია ერთმანეთთან და გლენს შეუძლია გახდეს ნინოს დონორი. ამ ფაქტს კალდენბერგი შემთხვევითობას არ მიაწერს.
“ვგრძნობდი, რომ ჯესიკას უნდოდა მენახა ის განცხადება… რაც გინდათ უწოდეთ, კარმა, ანგელოზი, რწმენა. ყველას ექნება შესატყვისი სიტყვა. მე ამას შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავარქმევ” – ამბობს გლენი.
ოპერაცია 1 დეკემბერს ჩატარდება. საქველმოქმედო საიტზე Gofundmy გახსნილია გვერდი დონორის დასახმარებლად ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებისთვის.
“ფოსტალიონი” საქართველოში ნინო სარიას ოჯახს დაუკავშირდა, შევიტყვეთ, რომ ნინო 10 წლის წინ გაემგზავრა აშშ-ში, იქ უკრაინული წარმოშობის ამერიკელს გაყვა ცოლად და ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვთ, შვილიც ჰყავთ, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ნინოს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
ნინოს დედა: ჩემი შვილი მეორე წელია, განსაცდელშია და ელოდება უფლის საჩუქარს თირკმლის გადანერგვის სახით. მადლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ღირსეულ ადამიანს, რომელიც უანგაროდ გასცემს ორგანოს, რათა დაეხმაროს ნინოს და შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ვცდილობთ, გლენისთვის შევაგროვოთ თანხა, რომელიც 2 თვე ვერ შეძლებს მუშაობას ოპერაციის შემდგომ, მაშინ როდესაც ეს ადამიანი მისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია!
ვაქვეყნებთ საიტის Gofundme-ს ლინკს, საიდანაც მსურველებს შეუძლიათ აშშ-ში, დონორის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. სიკეთე გადამდებია. https://www.gofundme.com/helpmydonor
წყარო: postalioni.com