დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. როგორც დევიდ კრამერმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
როგორც დევიდ კრამერი აფასებს, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემუირ იყო და ამას ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ.
„ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემური იყო. ვიცი, რომ “ქართული ოცნების” და მთავრობის მხარე ცდილობს, არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესო შუქზე წარმოაჩინოს. მათ შეარჩიეს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებების გარკვეული ნაწილები, რომლებშიც არჩევნები დადებითად აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციას სულ სხვა შეხედულება აქვს და ასევე, არიან სხვა დამკვირვებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რომლებიც იზიარებენ კრიტიკას, რომ არჩევნები იდეალურისგან შორს იყო.
ოპოზიციამ თქვა, რომ ისინი არ დაიკავებენ ადგილებს ახალ პარლამენტში, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ შეიცვლება. შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივად, ჩიხშია, რაც ძალიან სამწუხაროა,”- აცხადებს დევიდ კრამერი.
როგორც დევიდ კრამერი აცხადებს, კრიზისის მოსაგვარებლად ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები ყოველდღიურად იმართება.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება. მხარეები მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს არ თმობენ.