აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მხარეების პოზიციებში განსხვავებები რჩება, თუმცა მთლიანობაში, შეხვედრა სასარგებლო იყო.
ჯაფარიძეს კონკრეტულ დეტალებზე არ ულაპარაკია.
“განსხვავებები რჩება, მაგრამ სასარგებლო შეხვედრა იყო. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება იმაზე, თუ რა შიგნით, ეს გამოვიტანოთ გარეთ. ამიტომ, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, დეტალებზე ვერ ვისაუბროთ”.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.