საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების რეკომენდაციები.
საელჩოს მიმართვა ევროკავშირთან საქართველოს მისიის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.
“როგორც მოგეხსნებათ, ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე, ბელგიის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მე-3 დონის საფრთხე. ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების შემდეგი რეკომენდაციები: გთხოვთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს; მაქსიმალურად შეზღუდოთ ქალაქში გადაადგილება, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს; იყავით ინფორმირებულნი სანდო მედია საშუალებების ინფორმაციით; თავი შეიკავოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან; თქვენს საცხოვრებელ კომუნაში დაწესებული კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, თქვენს კომუნაში ან კომუნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბელგიის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე.
ბელგიის კრიზისების ცენტრში გახსნილია ცხელი ხაზი 1771, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია მე-4 დონის საფრთხით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კრიზისების ცენტრის ვებ-გვერდს: http://centredecrise.be/…/suites-des-attentats-paris-recomm…
საჭიროების შემთხვევაში, მოგვმართეთ ბელგიის სამეფოში საქართველოს საკონსულო სამსახურს, შემდეგ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62”, – ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელგიაში განგაშის უმაღლესი – მეოთხე დონე გამოცხადდა. შეზღუდვებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გადაიდო ყველა ხალხმრავალი ღონისძიების ჩატარება. ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობა “სერიუოზული და გარდაუვალი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.