“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს”, – აცხადებენ სუს-ში.
დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ.
საქართველოში დაბრუნებული ბორჩაშვილის ტერორიზმის ბრალდებით დაკავების შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.