საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებელია შეთანხმება.
როგორც ელჩი აცხადებს, დისკუსიები საკმაოდ რთული იქნება და ის ყველა მხრიდან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
“გულწრფელად რომ გითხრათ, დისკუსიები საკმაოდ რთული იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება და იგი მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას ყველა მხრიდან, რომ მიგვიყვანოს იმ მაგიურ საერთო პოზიციამდე, როგორც მას ხშირად ვეძახი.
ჩემთვის ნათელია, რომ მხოლოდ ფართო გაგებით მიღებული შეთანხმება იქნება საქართველოსთვის კარგი სცენარი. ეს არის ის რაზეც, ვფიქრობ, მუშაობა ღირს და რაც ღამით არ მაძინებს. როდესაც საქმე შეთანხმებამდე მიდის, ყველა მხარემ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ მეორე მხარესაც მისცეს იმავეს გაკეთების შესაძლებლობა,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ელჩის თქმით, პროცესი აუცილებლად უნდა იქნას დაძლეული, თან რამდენადაც შესაძლებელია მცირე დროში, რადგან დრო მართლაც ცოტა დარჩა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ. ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობენ.