სიყვარული შესაძლებლობების შესაძლებლობაა. მისი უკიდეგანო საზღვრები მიუღწევადია, მიუხედავად იმისა რამდენი ხანი ან რამდენად ძლიერად გვიყვარს. იგი ყოველთვის მდუმარე იდუმალებად გვევლინება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია მის ექსტაზსა და ტკივილს დავემორჩილოთ და წარმოვთქვათ “დიახ”. ჩვენში დაბუდებულ სილაღეს და სიმამაცეს მივყავართ სიყვარულის ლაბირინთებში სამოგზაუროდ, რამდენად სახიფათოც არ უნდა იყოს იგი. თუმცა მთელი სამყაროს სიყვარულიც კი არ მოგვანიჭებს ბედნიერებას და არ გამართავს ურთიერთობებს, რადგან სიყვარულის სამყაროში მოგზაურობა უნარ-ჩვევებს მოითხოვს. ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება კი მიღწევადი ამოცანაა. პრაქტიკა მოგვიტანს მოქნილობას, რათა გრაციოზულად შევასრულოთ ერთობლივი ცეკვა, მიუხედავად იმისა თუ რარიგ მორიდებულები ვართ დასაწყისში.
თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად შეიგრძნობს სიყვარულს, თუმცა სიყვარულის ზოგი ასპექტი ერთი და იგივეა ჩვენი უდიდესი ნაწილისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ, როდესაც ჩვენს მიმართ იჩენენ ყურადღებას, მიმღებლობას, დაფასებას, სითბოს, როდესაც ჩვენ გვაძლევენ თავისუფლებას ვიცხოვროთ ჩვენს სიღრმისეულ მოთხოვნებთან და სურვილებთან ჰარმონიაში. ბავშვობაში ეს ყველაფერი ჩვენ ღირსების შეგრძნების და ჯანსაღი ეგოს ჩამოყალიბებისთვის გვჭირდებოდა. ეს ასპექტები იდენტობის და კოჰერენტული პიროვნების აღმშენებლობის ქვითკირია. ადამიანის გამოცდილებას თან სდევს გასაოცარი და საიმედო ჰარმონია: ზრდასრული სასიყვარულო ურთიერთობებში ბედნიერებისთვის ჩვენ ზუსტად ის გვჭირდება, რაც ჩვენ საკუთარი თავის ჩამოყალიბებისთვის გვესაჭიროება. სიახლოვე, თავის საუკეთესო გამოვლინებაში, ნიშნავს სიხარულის და სიყვარულის გაცემას და მიღებას. ეს ასპექტები ასევე აღწერს, ჩვენს, როგორც ჩამოყალიბებული სულიერი არსებების სამყაროსთვის მსახურების ბედისწერას. ჩვენ სულიერ პრაქტიკას მივყავართ საკუთარ ეგოზე უფრო მძლავრ ძალასთან, ძალასთან, რომელიც გვასაზრდოვებს, გვანიჭებს რა ყურადღებას, მიმღებლობას, დაფასებას, სითბოს, ჩვენი მოთხოვნებით და სურვილებით ცხოვრების თავისუფლების უფლებას. ეს არის თითოეულ არსებაში ჩადებული ამაღელვებელი და წამახალისებელი სინქრონულობა. არსებობს რაიმე გზა გავზარდოთ ჩვენი უნარი გავცეთ და მივიღოთ სიყვარულის ეს არსებითი ელემენტები? დიახ, ჩვენ შეგვწევს ამის უნარი, განსჯის, მიჯაჭვულობის, შიშის, მოლოდინის, თავდაცვითი ქცევების, მიკერძოებულობის, კონტროლის გარეშე რეალობის გააზრებული ყურადღებით და სიფხიზლით აღქმით.
სიყვარული გმირული მოგზაურობაა. მას თან ახლავს ტკივილი, იგი ჩვენგან მოითხოვს ფოკუსის გადატანას საკუთარი ეგოდან, თანაცხოვრობის რისკებზე. ურთიერთობებმა შესაძლოა მოითხოვოს ჩვენგან საკუთარ თავზე თხზულების თითოეული გრძნობის და მოგონების გადახედვა. ჩვენს ემოციურ ბლოკებზე და პრობლემებზე რეაგირებაზე, მათ დამუშავებაზე და გადაწყვეტაზე ფსიქოლოგიური მუშაობისას, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს გრძნობებს, ვსწავლობთ მათ გამოსავლებს, ვაკავებთ მათ, სანამ ისინი შეიცვლებიან ან გაკაფავენ გზას საკუთარი თავის უფრო ღრმად შესწავლისკენ. გმირული მოგზაურობა ეს არის მეტაფორა, რომელიც აღნიშნავს ადამიანის სულის ლტოლვას მოიოპოვოს ის რაც გაამრთელებს და აღადგენს იმას, რაც დაიმსხვრა ან დაიკარგა ჩვენს შემოფარგლულ სამყაროში. ეს მოგზაურობა ნიშნავს კარგად ნაცნობის მიტოვებას, შემდეგ ახალი სამყოფელის ბრძოლით მოპოვებას და ბოლოს, შინ დაბრუნებას. დაბრუნებას უმაღლესი ცნობიერების ნიჭით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც მისი მოპოვება სურს. ორი ადამიანი პოულობს ერთმანეთს რომანტიკულ ურთიერთობაში და უპირისპირდება ერთმანეთს კონფლიქტში, მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ ერთმანეთს სიცოცხლე მიუძღვნას. ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია მოწიფული სიყვარული ამ სარისკო ექსპედიციის სრული მარშრუტის გავლის გარეშე. მოკლედ, რომ ვთქვათ უნდა წამოვდგეთ და გავეშუროთ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ჩამოვჯდეთ და დავრჩეთ.
ადამიანის გული უფრო მეტ სიყვარულს იტევს, ვიდრე მისი გახარჯვა შეუძლია ცხოვრების განმავლობაში. სიყვარული არის ენიგმატური და მომთხოვნი, ბევრ ჩვენგანს ეშინია და ამავდროულად სწყურია იგი, მაგრამ ამ ქვეყანაში გასხივოსნების შეტანა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც უყვართ. ამრიგად, ურთიერთობა ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთგადარჩენა, ეს არის მთელი სამყაროს სიყვარულისადმი მზარდი უნარიანობა, თავისი ბინდმორეული სევდით და მგზნებარე აღტაცებით. დაუმორჩილებელ ეგოს ეს არ შესწევს, მხოლოდ გაღვიძებულ გულს გააჩნია ეს უნარი, ამიტომ სულიერების ბილიკი საუკეთესო გზაა სიახლოვის მისაღწევად.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბლოგი დაგეხმარებათ მწვავე კითხვების დასმაში და მათზე პასუხის გაცემაში:
- რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მოვიპოვო ბედნიერება, რომელიც ყოველთვის მსურდა?
- შევიგრძნობ, რომ ვუყვარვარ ისე, როგორც ეს ყოველთვის მინდოდა?
- რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ განვეშორო წარსულს?
- შევძლებ საკუთარი საზღვრების დაცვის სწავლას, სხვებისგან მათi პატივისცემის დაჟინებით მოთხოვნას, და სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემას?
- შევძლებ როდესმე კონტროლის საჭიროებისგან გათავისუფლებას?
- გავბედავ ოდესმე მთელი გულით სიყვარულს?
როდესაც იმალები – ეს სიხარულია, თუ ვერ გპოულობენ კი – კატასტროფა….
მარიამ კუკუნაშვილი