რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, იხელმძღვანელოს შრომის კოდექსით და 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნამუშევარი დღეები რკინიგზელებს აანაზღაუროს გაზრდილი ტარიფით.
როგორც პროფკავშირი აღნიშნავს, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.
„ძვირფასო რკინიგზელებო, მთავრობის გადაწყვეტილებით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა. საქართველოს რკინიგზის სპეციფიკიდან გამომდინარე, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობა, კომპანიაში ვერ შეწყდება!
თავის მხრივ, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია გაზრდილი ტარიფით აანაზღაუროს უქმე დღეებში ნამუშევარი საათები.
შრომის კოდექსის მე-20 მუხლი ამბობს:
,,უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი:
,,ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.”
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, იხელმძღვანელოს შრომის კოდექსით და 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნამუშევარი დღეები აანაზღაუროს გაზრდილი ტარიფით.
გისურვებთ ჯანმრთელობას“,- ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, პრემიერის განცხადებით, წელს, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებია.