ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ნარმანიას იმპიჩმენტი…

უმრავლესობაში უკვე აქტიურად საუბრობენ დედაქალაქის მერის გადაყენებაზე

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს კულუარებში სერიოზული საუბრები მიდის ქალაქის მერის, დავით ნარმანიას შესაძლო იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. მეტრონომი დაინტერესდა ამ თემით და “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს რიმა ბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს დასმულ კითხვას, გაოცებული ხმით, უპასუხა – არა გენაცვალე, საიდან მოიტანეთ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, როგორ გეკადრებათ.

რიმა ბერიძე: არა გენაცვალე,  ეს  არის არასწორი ინფორმაცია, როგორ გეკადრებათ. დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი?  საიდან მოიტანეთ, რატომ  უნდა იყოს ნარმანიას იმპიჩმენტი საკითხი დაყენებული. ეს არის გამორიცხული. თქვენ თუ გაქვთ მხედველობაში ბიუჯეტი, ეს ჩვეულებრივი წესია. რეგლამენტით შემოვიდა,  გავიარეთ  და გვაქვს შენიშვნები.”

ბერიძის თქმით, ბიუჯეტი იზრდება და ამ შენიშვნების შემდეგ ბიუჯეტს დავუბრუნებთ ქალაქ თბილისის მერიას, და მოხდება კორექტირება, შენიშვნების გათვალისწინება .

ჩასწორებები ბიუჯეტზე რეგლამენტის მიხედვით, 10 დეკემბრამდე უნდა შევიდეს საკრებულოში.

დავით ნარმანიას იმპიჩმენტს, რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არავითარ შემთხვევაში არ განიხილება.”- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ault

ფოტო არქივიდან: დავით ნარმანიას მერად არჩევას ულოცავენ

იგივე საკითზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც. მისი თქმით, ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი მორიგი ჭორია და მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა თავში აზრადაც არავის მოსვლია.

“მეტრონომი” ასევე დაუკავშირდა საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი აბესაძესაც.

“ნარმანიას იმპიჩმენტი ჩვენ მოვითხოვეთ რამდენიმე კვირის წინ და მოვითხოვეთ არა იმიტომ, რომ ის არის  ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი და სხვა პოლიტიკური ძალის  წარმომადგენელი, არამედ იმიტომ, რომ წელიწადი და სამი თვის განმავლობაში მას თბილისში არაფერი არ გაუკეთებია. 2015 წლის ბიუჯეტი იყო აბსოლუტურად კორუფციული და არაფრის მომცემი და შესაბამისად, მთელი წელი წარიმართა ამ არაფრის მომცემი ბიუჯეტის შესაფერისად. დაიხარჯა დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი დედაქალაქში ნარმანიას მერად გახდომის შემდგომ.  პრობლემების მოგვარების მაგივრად, პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ამ პრობლემების მოუგვარებლობა, ამხელა თანხის ხარჯვის პირობებში, უბრალოდ დავით ნარმანიას მერობის პირობებში, იქნება  შეუძლებელი მომავალში. სწორედ ამიტომ იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მოვითხოვეთ და ვთქვით, რომ 2016 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ გვქონდა ნანახი. ვთქვით, რომ 2016 წლის საბიუჯეტო სახდელის შესაძლებლობა არ უნდა მიგვეცა ნარმანიასთვის. იმიტომ, რომ ეს იქნებოდა მორიგი დაკარგული ერთი მილიარდი ლარი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის ნახვის შემდეგ, თქვენ ხედავთ, რომ საკრებულოს უმრავლესობამაც დაიწყო საუბარი ნარმანიას იმპიჩმენტთან დაკავშირებით”.

მეტრონომი” : საკრებულოს უმრავლესობაში ნარმანიას იმპიჩმენტის შესახებ საუბრებზე, არაფერი გვითხრეს უმრავლესობიდან. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ინფორმაცია. გვითხრეს, რომ  ეს ჭორია…

ირაკლი აბესაძე:  “მესმის, ახლა ხან ერთს იტყვიან, ხან მეორეს. თუმცა, ზუსტად ამას ვამბობდი, რომ  ძალიან გასაკვირვი იქნებოდა, ბიუჯეტის პროექტი არ მოწონდეს უმრავლესობას და მას აბამდეს ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს, იმიტომ, რომ შარშან 2015 წლის ბიუჯეტი არაფრით განსხავდებოდა წლევანდელი ბიუჯეტის პროექტისგან და დიდი სიამოვნებით დაუჭირეს  მხარი.

რაც შეეხება დღევანდელ უარყოფას, რომ ეს ასე არ არის, საკრებულოს თანამდებობის პირმა, იურიდიული კომისიის თავჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება.

თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ამაში უმრავლესობის მხარდაჭერა იარსებებს თუ არა. ზოგადად ნათელია,  სანამ ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რომ ნარმანია განთავისუფლეს თანამდებობიდან, მანამდე ვერც კობახიძე ვერც მთელი უმრავლესობა და ვერც ოპოზიცია ვერ მოახერხებს, რომ ნარმანია იყოს თანამდებობიდან გათავისუფლებული.

ამიტომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ის პრობლემები რაც დედაქალაქშია მოგვარდეს და ბიუჯეტი იყოს მორგებული ადამიანის საჭიროებებს,  ერთადერთი გამოსავალია, ქალაქს ჰყავდეს ახალი მერი, რომელიც უფრო კვალიფიციურად საქმიანად და რაც მთავარია დიდი სურვილით შეეჭიდება ამ პრობლემების მოგვარებას.

ნარმანიას იმპიჩმეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმაც. მან დაადასტურა, რომ უმრავლესობაში უკვე აქტიურად საუბრობენ მერის იმპიჩმენტზე, თუმცა თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს პროცესი, ჯერჯერობით, არავინ იცის.

ნუკი მჭედლიშვილი

 

იტვირთბა....