ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მელიას, გვარამიას, უგულავას და ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები გადაიდო

“ნაციონალური  მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილისა  და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები ავრცელებენ.

მათი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იყო დანიშნული.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ახალი რეგულაციების გამო, სხდომები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე გჯუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების საკითხზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

იტვირთბა....