ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟურნლისტები მის ოჯახზე მორალურ ზეწოლას დღესაც აგრძელებენ და არ ერიდებიან იმ ფაქტს, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია და ოჯახი რთულ ვითარებაში იმყოფება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
“მაშინ როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა და ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ დღეს ყველაზე რთულ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტრო იმყოფება, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა, გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან და ვთვლი, რომ ეს ნამდვილად არასწორია.
მე ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და შესაბამისად ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იყოს პასუხგაცემული, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს მე ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და ეს არის დაუშვებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე დღესაც მიმდინარეობს და დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული ვითარება, ვინაიდან გარდაცვლილია ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე” – განაცხადა ტიკარაძემ.