„კარგად დაიმახსოვრეთ, რომ რემდესივირი არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და ის გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვლევის მიხედვით, რემდესივირმა არ მისცა სტატისტიკურად ვალიდური შედეგი, თუმცა ძალიან ბევრი კლინიკა მსოფლიოში დღესაც რემდესივირს იყენებს, რომელიც პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატია.
„ის 2014-2015 წლებში შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ. ანუ, ის პირდაპირ ებოლას ვირუსზე მოქმედებს. ასევე აქტიურად იქნა გამოყენებული COVID-19-ის შტამზე და იქაც მისცა შედეგები. მაღალი რანგის სპეციალისტმა, თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფიცირების დროს, გადაწყვიტა რემდესივირი გადაეხმა.
მისივე თქმით, პრეპარატი უცხოეთიდან გამოუგზავნეს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, – თქვა ცერცვაძემ.