შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ქობულეთში ე. წ.“ჰასანას“ სასტუმროს პატრონი, ზაზა ა. დააკავა.
ამ წლის მაისში ხანძარმა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა – ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ “სიხარული-2”-ის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, აქედან 30 მოზარდი, გამოიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.
სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).